მაისი 24, 2022

ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილი ტრანსფერით ვალენსიაა დაინტერესებული.

თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარის თაობაზე, ესპანურმა კლუბმა დინამო თბილისს უკვე მიმართა.

მამარდაშვილი, რომელიც განათხოვრების წესით თბილისის ლოკომოტივში მეორე სეზონს ატარებს დინამოს საკუთრებაა და სატრენსფერო უფლებებიც სწორედ მათ ეკუთვნით.

თუმცა, იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს, ამ შემთხვევაში მხოლოდ დინამოს თანხმობა საკმარისი არ არის და საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს ვალენსიას გარდა, შეთანხმება ლოკომოტივის წარმომადგენლებთანაც მოუწევთ.

ვალენსიამ მიმდინარე სეზონი ჩააგდო. ღამურებმა ვერც თასზე შეძლეს წარმატების მიღწევა და ლა ლიგაშიც მათთვის შეუფერებელ, მე-14 პოზიციაზე არიან.

ესპანური კლუბის მთავარი მეკარე 30 წლის ხუამე დომენეკია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მეორე მეკარე ნიდერლანდელი იასპერ სილესენია, ხოლო მესამე მეკარე 23 წლის კრისტიან რივეროა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 4 მატჩში მიიღო.

გავცელებული ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ ვალენსიას არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის მეკარე სილესენიც დატოვებს.

20 წლის მამარდაშვილი კი რომლის პროგრესი ეროვნული ლიგის უკანასკნელი ორი სეზონის მანძილზე გამოსარჩევია 21 წლამდე და ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრია. ვილი სანიოლმა მამარდაშვილი ნაკრებში პირველად მიმდინარე წლის, მარტის სანაკრებო მატჩების ფარგლებში მიიწვია.

მამარდაშვილი დინამო თბილისის აღზრდილია, უკანასკნელი სამი სეზონის მანძილზე კი განათხოვრების წესით ჯერ რუსთავის, შემდეგ კი თბილისის ლოკომოტივის შემადგენლობაშია.

ახალგაზრდა მეკარემ გასულ წელს, გამორჩეული მატჩები ჩაატარა უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. თბილისელთა შემადგენლობიდან იგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო როგორც მოსკოვის დინამოსა და კრაიოვას, ისე გრანადას წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში.

Transfermarkt-ი ქართველ მეკარეს 800 000 ევროდ აფასებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხის სანაცვლოდ დათმობს დინამო თბილისი 20 წლის მამარდაშვილს.

ამჟამად ვალენსიას დროებითი მთავარი მწვრთნელი სალვადორ გონსალეს მარკო, იგივე ვოროა, რომელმაც თანამემამულე ხავი გარსია შეცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.