სექტემბერი 29, 2023

,,რეალისა” და ,,ჩელსის” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ,,სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მომავალი ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა.

ზიდანი ,,არისტოკრატების” წონააღმდეგ მძიმე ბრძოლას ელის და აცხადებს, რომ ეს შეხვედრა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.

ზიდანს ჟურნალისტებმა კითხვა სუპერლიგის შესახებაც დაუსვეს, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა პასუხს თავი აარიდა.

ზინედინ ზიდანი: ,,ხვალ, ჩვენთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.
„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ყოფნა დაიმსახურა.
ლონდონური კლუბი წელს შესანიშნავად თამაშობს, ისევე როგორც ჩვენ.
ხვალინდელ ორთაბრძოლაში გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.
საკადრო პრობლემები გვაქვს. განსაკუთრებით დაცვსში. ჩვენი კაპიტანი სერხიო რამოსი ტრავმირებულია. დიდი ალბათობით, მენდი, ლუკას ვასკესი და ვალვერდეც დაგვაკლდება.
არამგონია ,,ჩელსიმ” დაცვიდან ითამაშოს. პირიქით, ისინი გოლის გატანას ყველანაირად შეეცდებიან.
ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოედნიდან გამარჯვებულები გამოვიდეთ.
მეტოქე შევისწავლეთ და ჩვენი კოზირების გამოყენებას ვეცდებით.
ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას შორის არჩევანს არ ვაკეთებთ, ჩვენ ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლა და ტიტულების მოგება გვინდა.
მიაყენა თუ არა სუპერლიგამ ჩვენს რეპუტაციას ზიანი? ამაზე პასუხის გაცემა არ მსურს, ჩვენ ხვალ თამაში გვაქვს, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ.

უეფასგან სანქციები?
ჩემპიონთა ლიგა მადრიდის ,,რეალის” გარეშე წარმოუდგენელია. ამით ტურნირიც იზარალებს.
ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ,,რეალის” ნახვა ყველას სურს.

ამაზე აბსურდია ვიფიქროთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვიქნებით. ახლა ბევრი ლაპარაკია, მაგრამ მე მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ჩემი აზრია, რომ ყველას სურს, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ნახოს.” – აცხადებს ზინედინ ზიდანი პრესკონფერენციაზე.

,,რეალისა” და ,,ჩელსის” შეხვედრა 27 აპრილს, მადრიდის ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე შედგება.

მატჩი სტარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *