მარტი 29, 2024

ყაზანის რუბინის ქართველი ფორვარდის – ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ ინტერვიუს sport.business-gazeta.ru გვთავაზობს. ქართველმა ფეხბურთელმა ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა.

– ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, თუმცა ბავშვობა სამეგრელოში გაატარე. მოგვიყევი, რას ნიშნავს საქართველოს ეს კუთხე შენთვის?

– ეს ჩემი სამშობლოა. როცა საქართველოში ვარ, ვცდილობ რომ სამეგრელოში ჩავიდე. ეს ის ადგილია, სად ყოფნასაც ყველას ვურჩევდი, ვინც საქართველოში მოხვდება. ჩვენს რეგიონში განსხვავებული ბუნებაა. არის მთაც და ბარიც. ხალხი ძალიან შრომისმოყვარეა. ყველა ცდილობს, რომ იმუშაოს და მეურნეობა ჰქონდეს.

– შენ მეგრელი ხარ?

– დიახ. ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელებს ქართულ ეთნოსთან სულ მცირე განსხვავებები აქვთ. მაგალითად – სამზარეულო. ჩვენ გვაქვს საოცარი კერძი – ელარჯი. სამეგრელო ყველაზე ლამაზი ადგილია და ყველას ვურჩევ ერთხელ მაინც წავიდეს. ზოგადად, საქართველოში ყველა რეგიონი თავისებურად ლამაზია. ამიტომაცაა, რომ ტურისტები ცდილობენ, აქ ყოფნისას რაც შეიძლება მეტი ადგილი მოინახულონ.

– პირველი საფეხბურთო ნაბიჯები თბილისში გადადგი?

 როცა ხუთი წლის ვიყავი, ჩემს ეზოში დავიწყე თამაში. დილით ადრე გავდიოდი და გვიან საღამოს ვბრუნდებოდი. დაახლოებით რვა წლისამ საბავშვო გუნდ ”ავაზაში” დავიწყე ვარჯიში. 11 წლისა კი ”დინამოს” შევუერთდი.

– საშიში არ იყო საქართველოს ერთ-ერთ წამყვან გუნდში გადასვლა?

 არ ვნერვიულობდი. განსაკუთრებით არ განმიცდია. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ დინამო უდიდესი ისტორიის გუნდია, თუმცა აქ გადასვლა მხოლოდ მაბედნიერებდა.

– ბავშვობაში უფროსებთან ერთად თამაშობდი?

– დიახ. თუმცა, ეს არ ყოფილა პროფესიონალური თამაში. ყველაფერი ქუჩის ფეხბურთის დონეზე. ეს ბიჭები კარგად თამაშობდნენ და ზოგი 20 წლისაც კი იყო. მაშინ მე არ მქონდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება.

– უფროსები ფეხებში არ გირტყამდნენ იმის გამო, რომ მათ ატყუებდი?

 ცოტათი (იცინის) მტკიოდა, მაგრამ სულ ოდნავ.

– სლუცკიმ გვიამბო, რომ შენი პირველი წაქცევის შემდეგ  გუნდის მოთამაშეების დაჯარიმება დაიწყო…

– ახლა მეც მაჯარიმებს. ჩვენთან წესია, რომ თუ არ მოგკლეს, უნდა ადგე და ვარჯიში განაგრძო.

– ბავშვობაში როგორ მოედნებზე გიწევდა თამაში?

– ჩვენ ასფალტის მოედანი გვქონდა. შემდეგ გააკეთეს კარგი მოედანი. თუმცა როცა იქ უფროსები თამაშობდნენ, ჩვენ მაინც ასფალტზე გვიწევდა თამაში. ამის გამო მუხლები ყველას გადაყვლეფილი გვქონდა.

-ბავშვობში რომელ ”თითქმის საფეხბურთო” თამაშებს ამჯობინებდი? ჩვენ გვაქვს ”სამი ბანანი”, ”300” და ა.შ. თქვენთან არის ასეთი თამაშები?

 საქართველოში გავრცელებულია ”105”. ბურთი ძელს ან ხარიხას უნდა გაარტყა და ეს ქულებს მოგიტანს. ასევე, ჩარჩოში დარტყმაც შეგიძლია, ამასაც შეუძლია ქულები მოგიტანოს. კიდევ არის ”ათობანა”. ამ დროს შენ ცდილობ მხოლოდ დაკიდებული ბურთიდან გაიტანო, მიწაზე დადებული ბურთის გატანა არ ითვლება.

– ზამთარში რას თამაშობდით?

– ჩვენ წყალს ვასხამდით თოვლზე და შემდეგ ვეშვებოდით ზევიდან ქვევით. რა თქმა უნდა, ფეხბურთსაც ვთამაშობდით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თოვლი იყო თუ წვიმა. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში იშვიათად თოვს.

– შენ უფროსების გუნდში 15-16 წლის ასაკში მოხვდი. როგორი იყო პირველი ვარჯიშები დიდ გუნდთან?

– თავიდან რთული იყო. ითამაშო უფროსებთან ერთად 15 წლის ასაკში, ეს წარმოუდგენელი დატვირთვაა. თუმცა ამ ყველაფერს მივეჩვიე და ასეც უნდა მოიქცე, თუ გინდა მაღალ დონეზე ითამაშო.

– შენთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი, ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა. რომელთან ერთადაც შენ ”რუბინშიც” ითამაშე. ჯერ კიდევ თბილისში დამეგობრდით?

 ჩვენ 11 წლიდან ერთად მოვდივართ.  ჩვენ პატარაობიდან მხარდამხარ გვიწევდა თამაში. თუ ჩვენ ერთად ვართ შემადგენლობაში, თამაში კარგად მიდის. მე ძალიან კარგად ვგრძნობ მის გადაადგილებას მოედანზე. როგორპასს მომცემს და როგორ გამეხსნება. ის უნიჭიერესია. ვფიქრობ, რომ დიდი შანსი აქვს, უმაღლეს დონეზე ითამაშოს.

– საბჭოთა კავშირის დროს, დინამო თბილისი სუპერ კლუბად ითვლებოდა. წარმატებით ასპარეზობდა ევროთასებზე. ახლა რას წარმოადგენს ეს გუნდი რუბინთან შედარებით?

 ინფრასტრუქტურა რუბინს უფრო განვითარებული აქვს. იქ კარგი მოედნები ცოტაა. ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ დინამოს ძალიან კარგი ბაზა აქვს. ასეთი გუნდები კი სულ 3-4-ია, რომელთაც შესაბამისი პირობები აქვთ.

– თუ რუბინი ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონს შეხვდება, ვინ გაიმარჯვებს?

– რუბინი. თუმცა საქართველოში გვყავს მაგარი გუნდები. მაგალითად, თბილისის ”ლოკომოტივმა” მოსკოვის ”დინამოს მოუგო ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოში ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან. პროგრესი გრძელდება. შენდება სტადიონები და ბაზები, რაც უკეთეს მომავალს ქმნის.

– რუსეთში მიღებულია, რომ ჩვენი ფეხბურთი ტაქტიკურად დაცვით სტილად ითვლება, როგორია ფეხბურთი საქართველოში?

 რა თქმა უნდა, რუსეთში უფრო ტაქტიკაზე ფიქრობენ. საქართველოში ახლა იწყებენ დაცვაზე აქცენტის გაკეთება.ს რა თქმა უნდა,  ქართულ მენტალიტეტს მაინც თავისი გააქვს და იქ მოთამაშეებს თამაშის საკუთარ თავზე აღება უყვართ.

 

რთული იყო რუსულ ფეხბურთთან შეწყობა?

– მარტივი იყო, რადგან ლოკომოტივის თავკაცი იური სიომინი გახლდათ. მასთან საუბრის შემდეგ პირდაპირ მივხვდი, რისი გაკეთება იყო საჭირო.

– დინამოს შემდეგ შენ კლასით უფრო დაბალი დონის გუნდში, რუსთავში გადახვედი. რა იყო ამის მიზეზი?

–  ჩემი აგენტი, მამუკა ჯუღელი ქმნიდა ამ გუნდს და მითხრა, რომ აქ დიდი პერსპექტივა მექნებოდა. მაშინ სათამაშო დრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ასე გადავწყვიტეთ.

– რა არის რუსთავი?

– ეს პატარა ქალაქია თბილისიდან 40 წუთის გზაზე.

– როგორი იყო დედაქალაქიდან იქ გადასვლა?

– ჩვენ თბილისში ვვარჯიშობდით და საშინაო მატჩებსაც იქვე ვატარებდით.

– გულშემატკივრობის საკითხს საქართველოში როგორ უდგებიან?

– მატჩებზე მცირერაოდენობა დადის. თუმცა მათი გაგება მარტივად შეიძლება. არიან გუნდები, რომლებსაც უფრო დიდი ფანკლუბები ჰყავთ. დინამოს ძალიან კარგი ფან-კლუბი ჰყავს.

– მამა – ბადრი კვარაცხელია ვეტერანი ფეხბურთელია. ის იყო პირველი მწვრთნელი?

 რა თქმა უნდა,თუმცა ის არასდროს მაიძულებდა ფეხბურთის თამაშს. ის კარგი ფეხბურთელი იყო და აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი გოლი აქვს გატანილი. ის აზერბაიჯანის ნაკრებშიც თამაშობდა.

– ვინ არის ყველაზე პოპულარული მოთამაშე ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

– ვფიქრობ, კახა კალაძე.  მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემტევებიდან ძალიან ძლიერი იყო გიორგი ქინქლაძე. მას ისეთივე ნიჭი ჰქონდა, როგორც მესის, თუმცა ამის რეალიზება ვერ მოახერხა. ვფიქრობ, მას შეეძლო ოქროს ბურთის მოგება. ძმები არველაძეებიც ძალიან მაგრები იყვნენ, თემურ ქეცბაიაც. ყველას ჩამოთვლა რთულია.

– საყვარელი ქართველი მოთამაშე რომელია?

– მომწონდა გიო ქინქლაძის თამაში. თუმცა, უფრო დიდ წარმატებას კალაძემ მიაღწია.

– ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია?

– რა თქმა უნდა,ასევე უყვართ კალათბურთი და რაგბი. ჩობურთსაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

– საქართველოში სუპერვარსკვლავი ხარ?

– არა!

– თუმცა შენ ხომ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს…

– ეს კარგია, თუმცა მე უნდა განვვითარდე. აღიარება მშვენიერია, თუმცა წინ ბევრი სამუშაოა.

– თუ რუბინის ფეხბურთელებს არ ჩავთვლით, ვინ არის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე?

– ნიკოლა ვლაშიჩი, რა თქმა უნდა. ასევე, ვანდერსონი და არტიომ ძიუბაც ძალიან ძლიერები არიან.

– სლუცკი რომ რუსეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს და მიგიწვიოთ, რას უპასუხებთ?

– მე ქართველი ვარ და მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ.

– როგორი რეაქცია გაქვს, როცა გეუხეშებიან?

– უხეშობას მივეჩვიე. შეიძლება ვიდგე და ვიღაცამ ცხვირში იდაყვი მითავაზოს. ეს ფეხბურთში ხდება. არ ვბოროტდები და ვცდილობ, რომ ყველაფერი თამაშით დავამტკიცო.

– ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩას ”მოგვპარავენ”. სად ისურვებდი გადასვლას?

 ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ მადრიდის ”რეალს.” თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მეტად მინდა, ვიდრე რომელიმე კლუბში გადასვლა.

– მესის უფრო გულშემატკივრობ თუ რონალდუს?

– რონალდუს. მესი საოცარი ფეხბურთელია, ულამაზესი სტილით. მასთან ახლოს ვერავინ მივა. უბრალოდ, როგორც სპორტსმენი, რონალდუ უფრო მაღალ დონეზეა. მათი შედარება არ შეიძლება, რადგან გარკვეულ ასპექტებში ისინი ერთი თავით მაღლა დგანან.

– და ვინ არის მესამე საუკეთესო?

– იყო ნეიმარი. ახლა მბაპე ეწევა. ის მალე დაიწყებს ოქროს ბურთების მოგებას.

– რას აკეთებ შვებულების დროს?

 პირველი რამდენიმე დღე ვისვენებ. შემდეგ კი მინიფეხბურთს ვთამაშობ ხოლმე.

– მინიფეხბურთი საშიში არ არის?

– რისკი არ არსებობს. მე მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, რომელთაც იციან რომ ფეხებში არ უნდა მირტყან.

– და ბოლოს: რუსტამ საიმანოვმა განაცხადა,რომ სურს კიდევ ერთი წლით შეგინარჩუნოს. რას იტყვი?

– ამაზე პასუხი არ მაქვს. მე დღევანდელობით ვცხოვრობ და არ ვიცი, ხვალ რა მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *