სექტემბერი 14, 2024

ჭადრაკის სპორტის ისტორია განსაკუთრებით ამაყობს ვერა მენჩიკის წარმატებებით. ის პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი იყო სპორტის ამ სახეობაში.

საინტერესოა, თუ რას წერს მის შესახებ პრესა.

ვერა შერეული ეროვნებების ოჯახში გაიზარდა.

დაიბადა მოსკოვში, მისი მამა ჩეხი იყო, დედა კი ინგლისელი. პატარა ვერა ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის შესანიშნავად ხატავდა, დადიოდა მუსიკაზე, ხოლო 9 წლის ასაკში მამამ მას ჭადრაკის თამაში ასწავლა. 1921 წელს, რევოლუციასთან დაკავშირებით, ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო ინგლისში, სადაც სულ მოკლე პერიოდში ვერა გახდა ქალაქ ჰასტინგსის საჭადრაკო კლუბის წევრი. უკვე 1925 წელს მან ორი პარტია მოუგო ინგლისის ჩემპიონს ჭადრაკში ედიტ პრაისს, ხოლო შემდგომი 2 წლის განმავლობაში ორჯერ გაიმარჯვა დიდი ბრიტანეთის ღია ჩემპიონატებში.

ვერა მენჩიკი 1921 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 1923 წლიდან არის ჰასტინგსის საჭადრაკო კლუბის წევრი. 1925 წელს ორჯერ დაამარცხა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი ედიტ პრაისი. სხვა ძირითდი მიღწევები: 1926 დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი — I ადგილი.

1927 წელს ლონდონში, ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის ფარგლებში მოეწყო ჭადრაკში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ 12 ქვეყნის წარმომადგენელი მოჭადრაკე ქალბატონები და რომელმაც ვერას (ის ტურნირში რუსეთის სახელით გამოდიოდა) მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ვერამ 11 პარტიიდან 10 მოიგო. შემდეგ ვერა მეჩნიკმა კიდევ 6-ჯერ ზედიზედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება — ჰამბურგში (1930 წ), პრაღაში (1931 წ), ფოლკსტონში (1933 წ), ვარშავაში (1935 წ), სტოკჰოლმში (1937 წ) და ბუენოს-აირესში (1939 წ). აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 7 ჩემპიონატში, რომელშიც ვერამ გაიმარჯვა, გათამაშებული 103 პარტიიდან მენჩიკმა მოიგო 90 და წააგო მხოლოდ 4. თანაც, 4 ჩემპიონატში საერთოდ არც ერთი პარტია არ წაუგია.

1929 წელს ვერა მენჩიკი — ერთადერთი მოჭადრაკე ქალი მიიწვიეს მამაკაცთა გრანდიოზულ ტურნირზე კარლოვი-ვარში, რომელშიც მონაწილეობდა 21 მოჭადრაკე. მათ შორის იყვნენ ცნობილი მოჭადრაკეები: გეზა მაროცი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, ეფიმ ბოგოლიუბოვი, აკიბა რუბინშტეინი და სხვ. ტურნირის წინ ცნობილმა გროსმაისტერმა ჰანს კმოხმა „იხუმრა“, იმ შემთხვევაში, თუ ვერა მენჩიკი 3 ქულას მოაგროვებს, მე ქალთა საბალეტო სკოლაში შევალო… და ვერამ ზუსტად სამი ქულა მოაგროვა.

ტურნირზე, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, შესანიშნავი მეგობრული ატმოსფერო სუფევდა, მისი მონაწილეები ხშირად იკრიბებოდნენ „შიუტზენ-ჰაუსის“ კაფეში. ერთხელაც პროფესორმა ალბერტ ბეკერმა დაუფიქრებლად განაცხადა: „ბატონებო, მე კარგი იდეა გამიჩნდა – გამოვდივარ წინადადებით, შევქმნათ ქალბატონი მენჩიკის სახელობის კლუბი, რომელშიც გაწევრიანდებიან ის მამაკაცები, ვისაც ვერა მოუგებს“. იქვე გადაწყდა, რომ ვისთანაც ვერა მენჩიკი თამაშს ყაიმით დაასრულებდა, ის მიიღებდა კლუბის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მესამე ტურში პროფესორმა წააგო პარტია ვერა მენჩიკთან და საღამოს იმავე კაფეში შეკრებილებმა ის კლუბის პრეზიდენტად გამოაცხადეს…

სხვათა შორის, მომავალში „ვერა მენჩიკის კლუბში“ 147 მოჭადრაკე მამაკაცი გაერთიანდა, დაახლოებით ამდენივე კანდიდატი.

ყველაზე დიდ წარმატებას მამაკათა ტურნირებში ვერა მენჩიკმა მიაღწია 1929 წლის რამსგიტის ტურნირში, რომელზეც მან II—III ადგილები გაიყო აკიბა რუბინშტეინთან და მხოლოდ ნახევარი ქულით გაუშვა წინ ცნობილი კუბელი მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა. მარიბორის (1934 წ), გრეიტ-იარმურისა (1939 წ) და მონტევიდეოს (1939 წ) ტურნირებში კი მენჩიკმა მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მან ცნობილ მოჭადრაკე მაქს ეივესთან ორთაბრძოლის დროს მოუგო მას ორი პარტია, ერთი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. ჰყვებიან, რომ როდესაც ეს სენსაციური ამბავი ეივეს მეუღლემ შეიტყო, მან გადაწყვიტა, რომ ეივეს მენჩიკთან რომანი ჰქონდა და ის მას უბრალოდ დანებდა. ამიტომაც საგანგებოდ გადაცურა ლა-მანში, რომ მეუღლესთან საქმეები გაერჩია, მაგრამ როდესაც ძალიან სადა, გაწონასწორებული და მორიდებული მენჩიკი დაინახა, დაწყნარდა და სახლში დაბრუნდა.

ვინ იცის კიდევ რამდენი გამარჯვება ჰქონდა წინ ამ შესანიშნავ ქალს და რა საინტერესო ცხოვრება ელოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 1941 წელს ლონდონში მის სახლს გერმანული ბომბი დაეცა. ვერა მენჩიკი, მისი დედა და და ტრაგიკულად დაიღუპნენ. სხვათა შორის, მისი ერთი წლით უმცროსი და ოლგა ასევე მოჭადრაკე იყო და ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილიც დაიკავა. ვერა მენჩიკი სულ 38 წლის იყო…

მის ცხოვრებას რომ გადახედავ, გაგიკვირდება რამდენი რამ მოასწრო. ჭადრაკის თამაშის გარდა ის წერდა წიგნებს, ჭადრაკის თამაშს ასწავლიდა ბავშვებს, ეწეოდა ჭადრაკის პოპულარიზაციას ქალთა შორის…

1957 წლის შემდეგ ჭადრაკში ქალთა ოლიმპიადებში გამარჯვებულებს ვერა მენჩიკის სახელობის თასით აჯილდოებენ.

გარდაიცვალა 27 ივნისს, 1944, Clapham Town, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.

 

გამოყენებულია ,,სპუტნიკ-საქართველო”, ვიკიპედიის მასალა

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *