უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას იწყებენ. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობა, რომელიც 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20:30 საათზე მეოთხედფინალში ჩეხეთს შეერკინება.
ქართველმა 18-წლამდელებმა ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს – ფინალში 2018 წელს საფრანგეთის და 2019 წელს ესპანეთის დამარცხებით. შარშან ტურნირი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა, წელს კი ტრადიცია აღდგა და 8-გუნდა ჩემპიონატს კალინინგრადი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონი სწორედ აქ გახდა.
წლევანდელი ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი რუმინეთს, რუსეთი ბელგიას, პორტუგალია ნიდერლანდებს, ხოლო საქართველო ჩეხეთს ეთამაშება. გამარჯვებული გუნდები თასის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს ითამაშებენ. ამავე დღეს გაიმართება მე-5 ადგილის ნახევარფინალები. გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე რუსეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.
დღევანდელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა rugbyeurope.eu-ს ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.