აპრილი 16, 2024

ფრანგული ”მეცის” ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ბელგიურ rtbf-ს ესაუბრა. მოთამაშე, რომელმაც გასულ სეზონში ბელგიური ”სერენის” ელიტაში აღზევებაში დიდი როლი შეასრულა, მთავარ მწვრთნელ ემილიო ფერერაზე საუბრობს. ასევე, იხსენებს გასული სეზონის წარუმატებელ პერიოდს, როცა წითელი ბარათი მიიღო და ამასთან ერთად ტრავმა აწუხებდა.

”ვიცოდი, რომ ბევრი გოლის გატანა შემეძლო, თუმცა სეზონის შუაში ნაკლებად კარგი პერიოდი მქონდა, წითელი ბარათი მივიღე და ამასთან ერთად მცირე ტრავმა მქონდა. სეზონის დასაწყისში 3 მატჩში 6 გოლი შევაგდე, მაგრამ მეოთხე შეხვედრაში კარგი თამაში არ მიჩვენებია, რასაც მწვრთნელის სიტყვები მოჰყვა: ”ხომ არ გინდა, რომ შემდეგ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდე?” მან ამ სიტყვებით მოდუნების და კონცენტრაციის დაკარგვის საშუალება არ მომცა. მთავარი მწვრთნელი ემილიო ფერერა ვარჯიშებზე ბევრს ყვირის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერს ჩვენი წინსვლისთვის აკეთებს.

გოლის გატანა დნმ-ში მაქვს. ბავშვობიდან მოყოლებული ვცდილობდი გოლი ნებისმიერი ხერხით გამეტანა: თავით, მუხლით, ქუსლით. როდესაც გოლის ავტორებში შენს თავს ხედავ, ეს ძალიან მაგარია, საოცარი გრძნობაა. ვაღიარებ, რომ მინდორზე ცოტა ეგოისტი ვარ, თუმცა ცხოვრებაში ასეთი არ ვარ, ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა”.

2020-21 წლების სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, მიქაუტაძემ ”სერენის” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ზაფხულში მოთამაშე ლიგა 1-ის ”მეცში” ბრუნდება. ასე რომ, შემდეგ სეზონში გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში ვიხილავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *