მარტი 29, 2024

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ბრაზილიასა და არგენტინას შორის დაწყებული მატჩი სკანდალურად შეწყდა.

 

 

სასტარტო სასტვენიდან 4 წუთში თამაში სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლებისა და პოლიციის გამოჩენის გამო შეჩერდა. არგენტინელებმა მოედანი დატოვეს.

 

სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე – “ასტონ ვილა”), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე – “ტოტენჰემი”) ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.

 

ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოთაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, Anvisa-მ პოლიციას სასტუმროში ამ ფეხბურთელების დაკავებისკენ, შემდეგ კი მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდა. თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენისას ოთხივე მათგანი უკვე ავტობუსში ისხდა და სტადიონისკენ მიემართებოდა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *