მარტი 29, 2024

15 წლის ქართველი ცენტრი ავთანდილ ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ევროლიგის გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე ეტაპად ტარდება და ევროპული კალათბურთის ტალანტების სამჭედლოდ ითვლება.

 

წელს პირველი ეტაპი 20 იანვარს გერმანიის ქალაქ მიუნხენში აიღებს სტარტს და მისი ერთ-ერთი მონაწილე კაუნასის ჟალგირისი იქნება, რომელშიც ქართველი ტალანტი ირიცხება.

ლიეტუვური გრანდი, რომელსაც შეჯიბრი ერთხელ უკვე მოგებული აქვს, B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ბაიერნი, ათენის პანათინაიკოსი და U18 Next Generation Team Munich ეყოლება. A ჯგუფში მადრიდის რეალი, ბერლინის ალბა, კიდევ ერთი გერმანული კლუბი ულმი და იტალიური მილანი მოხვდნენ.

 

ტურნირის გამარჯვებული ახალგაზრდული ევროლიგის ოთხთა ფინალში გავა, რომელიც წლეულს, 19-21 მაისს, კაუნასში დიდების ევროლიგის პარალელურად ჩატარდება.

 

შეგახსენებთ, რომ ბახტაძემ ახალგაზრდულ ევროლიგაში შარშან სერბული ბელგრადის მაისურით ითამაშა. მან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სერბულვე მეგასთან 04:41 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

 

ცნობისთვის, ეს ის ბახტაძეა, რომელმაც 2021 წელს თბილისში გამართულ ევროჩელენჯერზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებშიც კი ითამაშა, არადა, მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო.

 

ავთანდილი უკვე 2.07 მეტრი სიმაღლის არის და უკვე ცხადია, რომ დიდი მომავალი ელის. მასზე იმედებს ჟალგირისშიც ამყარებენ, სადაც ის რანგით მე-3 გუნდში ირიცხება და თავისზე უფროს მეტოქეებთან ჭიდილში, მიმდინარე სეზონში ასეთი საშუალო სტატისტიკა აქვს: 8 მატჩი, 11:25 წუთი, 5.4 ქულა, 2.0 მოხსნა, ორქულიანები 63.3%, სამქულიანები 83.3%.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ შარშან ახალგაზრდული ევროლიგის ბერძნულ ეტაპზე ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელთა გუნდმაც ითამაშა (დისკვალიფიცირებული მოსკოვის ცსკა-ს ნაცვლად დაუშვეს) და ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა პირეოსის ოლიმპიაკოსთან – 78:72. ამას გარდა, ქართულმა გუნმა ჯგუფში წააგო ბარსელონასთანა (64:78) და თელ ავივის მაკაბისთან (44:93), ხოლო მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის მატჩში ფინურ ჰელსინკისთან 59:73 დამარცხდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *